Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის და გერმანული უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაფართოება

გერმანულ უნივერსიტეტებთან არსებული თანამშრომლობის განხილვისა და მომავალში კიდევ უფრო გაფართოების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ტრირისა და ზაარლანდის უნივერსიტეტებს ეწვია. ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერასმუს + საერთაშორისო კრედიტმობილობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრაზე როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ასევე, მასპინძელი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სხვადასხვა მიმართულების პრეზენტაციები გამართეს. შედგა შეხვედრები ამ უნივერსიტეტებში სხვადასხვა პროგრამით სასწავლებლად მყოფ თსუ-ის სტუდენტებთან.

 

ზაარლანდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აკადემიური პერსონალის კლუბში მოაწყვეს ღონისძიება „გაიცანით საქართველო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, რომელზეც საუბარი თსუ-სა და ტრირის უნივერსიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობას შეეხო.  ტრირის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ ორმხრივ სარგებელს, რომელიც ეს თანამშრომლობა მოუტანს თსუ-სა და ტრირის უნივერსიტეტს. თავის მხრივ, თსუ-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, აკადემიური პროგრამების განვითარების მხარდაჭერაზე.

 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დაიწყება  მუშაობა ციფრულ ჰუმანიტარიაში ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებაზე. ასევე, საუბარი შეეხო სამაგისტრო საფეხურზე ორმაგი ხარისხის პროგრამების შექმნის შესაძლებლობას ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. ერთობლივ არქეოლოგიურ ექსპედიციებში მიიღებენ მონაწილეობას თსუ-ისა და ტრირის უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორები. უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეთანხმდნენ სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი პროექტების შექმნასა და სამომავლო თანამშრომლობაზე. მათ შორის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის კიდევ უფრო გაძლიერება-გაფართოებაზეც.  

 

1983 წლიდან არსებული თანამშრომლობის განვითარებაზე გაკეთდა აქცენტი ზაარლანდის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრებზე, სადაც გერმანულმა მხარემ წარმოადგინა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და კვლევის სტრატეგია. ღონისძიებაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ტრირისა და ზაარლანდის უნივერსიტეტებთან მრავალწლიანი ურთიერთობა აქვს, რომელიც ევროკავშირის პროგრამა ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტმობილობის, აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობისა (DAAD) და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

თარიღი: 09/12/2025